გამოვლინდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი - ISFED
2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.
"ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, - აღნიშნულია ანგარიშში.