სასამართლო გაჯანსაღებულია, მედია დამოუკიდებელი - ბიძინა ივანიშვილი
ახალციხის ცენტრში "ქართული ოცნების" ლიდერების შემდეგ, შეკრებილ რეგიონის მოსახლეობას პარტიის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. სხვა ლიდერების მსგავსად ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა რომ 26 ოქტომბერ არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის. ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების პერიოდზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონში ეთნიკურ მოსახლეობას ერთმანეთს უპირისპირებდა და ქართული ენის შესასწავლად არაფერს აკეთებდა.
პარტიის თავმჯდომარემ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ 2025 წელს რეგიონის სრული გაზიფიცირება მოხდება.
"ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე განსაკუთრებული ღირებულებით გამოირჩევა. საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაერთხელ დაგიმტკიცებიათ, მაშინაც როცა დაუპირისპირდით "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს. თქვენი გამბედაობის შედეგს კი დღეს იმკით. რეგიონში 350 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის. მეწარმეთა მხარდასაჭერად 300 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს სამცხე-ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს. გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი ხელშეუხებელია, ქვეყანაში სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლით დასრულდა. ღონიძიება ესტრადის მომღერლების კონცერტით გაგრძელდება.
პარტიულ შეხვედრაზე საჯარო მოხელეების, სკოლების, ა(ა)იპ-ებისა თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება და ახალციხეში ჩამოყვანა რეგიონის მასშტაბით მოხდა სამარშუტო ტაქსებით.
ქალაქში რამდენიმე დღით ადრე გადაიკეტა ცენტრალური ქუჩებიც. პარტიულ შეხვედრაზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველებიც. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტიც.