"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განმარტავს, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა” და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას!“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.