საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები - ევროსაბჭოს ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახების დაშინებას, თუ ოფისების დაზიანებას.
„იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტების წინააღმდეგ. ამომრჩევლებს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციით გავრცელებით, რომ „მთავრობა გაიგებს, ვის მიეცით ხმა და ამას შედეგები მოჰყვება”, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი კენჭისყრის ფარულობას. ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ამოქმედებამდე, ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით არჩევნებზე დამკვირვებელ ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელს უშლიან მათი საქმიანობის განხორციელებაში. როგორც ჩანს ამ ბოლოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება"- ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები აღიარებული იქნას საერთაშორისოდ, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი.
ისინი აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
ევროსაბჭოს ასამბლეის წევრების განცხადების შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.