საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნება 7 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.
„არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მნიშვნელოვანია, რომ დროულად განხორციელდეს კომისიების დაკომპლექტება აღნიშნულ ლოკაციებზე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების მიზნით, რისთვისაც 2 დღის ვადა აქვთ დაინტერესებულ პირებს მიმართონ კომისიას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დღის ვადაში ექნებათ შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, დანიშნონ აღნიშნულ უბნებზე თავიანთი წევრები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სხვადასხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.