"ლილოში ბაზრობაზე მივდივართ"- სამცხე-ჯავახეთიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციაზე გაემგზავრნენ
მივდივართ ექსკურსიაზე, ნათესავთან თბილისში, ლილოში ბაზრობაზე - მოქალაქეები, რომლებიც ახალციხიდან დედაქალაქში "ქართული ოცნების" შემაჯამებელ ღონისძიებაზე წავიდნენ, ვიზიტის მიზეზად ყველაფერს ასახელებდნენ, გარდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი აქციისა. უმეტესობა იმალებოდა და ცდილობდა, კამერებს არ დაეფიქსირებინათ.
მობილიზებული მოქალაქეების უმეტესობა საჯარო მოხელე იყო. ახალციხის მერის თქმით, მათ თავად გამოთქვეს თბილისში წასვლის სურვილი და სამსახურში ერთდღიანი შვებულება აიღეს. მოქალაქეების გამგზავრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის პირველი პირები - მერი, საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეებთან ერთად უწევდნენ .
ერთ-ერთი მოადგილე ადიოდა სამარშუტო ტაქსში და ფოტოებს უღებდა იქ მსხდომ პირებს, რათა დაეფიქსირებინა ვინ მიდიოდა აქციაზე. ოცნების ადგილობრივი ლიდერების თქმით, ახალციხიდან დედაქალაქში 1500 პირი გაემგზავრა.
ახალციხის გარდა, თბილისში აქციაზე, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გაემგზავრნენ, მათი უმრავლესობა კვლავ საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არია.