ცესკოს მონაცემებით, ბაკურიანის უბანზე რეგისტრირებულზე 77-ით მეტი კაცი მივიდა - ISFED
„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ცესკოდან ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიღებული ინფორმაცია 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციებზე მიანიშნებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ მედიას წარუდგინა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
მან მაგალითად დაასახელა ბორჯომის ოლქში, ბაკურიანში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 514 კაცი ამომრჩეველი, თუმცა ხმა მისცა 599-მა კაცმა. ყველა კაცი ამომრჩევლისა და სპეციალურ სიაში მყოფი ადამიანების (8) მისვლის შემთხვევაშიც კი აქტივობა 15%-ით (77 კაცით) მეტი გამოდის.
ISFED-ის ცნობით, მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ყვარელში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის, სამტრედიისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე.
„23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო“, - თქვა ნინო დოლიძემ.
ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ცესკოს პრესსამსახურს. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.