ცესკო - პარტიებმა მანიპულაციის გზა აირჩიეს
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
ცესკო-ს განცხადებით, პარტიებმა მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.
"საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.