17 ნოემბერს, პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება
17 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
"უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები. შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.