ცესკო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე შეაჯამებს.
,,საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის ჩატარებას ცესკოს შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს. მათივე ინფორმაციით აღნიშნულ სხდომაზე იგეგმება 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება.
საარჩევნო ადმინისტრაცია უარყოფს ამ დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე.
მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და მედიას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.