პრეზიდენტი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.