შოტოკან
კარატე დოს სამცხე–ჯავახეთის ფედერაციის ინსტრუქტორი ზაზა ნათენაძე
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის მერობისთვის
იბრძოლებს. მისი კანდიდატურა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი
საქართველოსთვის“ რეგიონული შტაბის კოორდინატორმა „მეცხრე არხის“
თოქ–შოუ „დიალოგში” წარადგინა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ზაზა
ნათენაძე არის განათლებული და წესიერი ადამიანი.
„იგი არის სამი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალშვილიანი მამა და ღირსეული მამულიშვილი. არის სუფთა ისტორიის მქონე პიროვნება“ – აღნიშნა ჯიმშერ გოგოლაურმა.
მანვე გადაცემაში ისაუბრა გამგებლობის კანდიდატებზეც: ახალციხის მუნიციპალიტეტში პარტიის სახელით ოლეგ ძოწენიძე იბრძოლებს, ასპინძაში კი – გელა ლეკიშვილი. უკვე დასახელებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი. აქ პარტიას თამაზ მწყერაშვილი წარმოადგენს.
ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატებზეც და მათ საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მაისის მეორე ნახევარში გეგმავს.
|