ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ შტაბის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 30 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში მოხდა.

,,მანქანის გასაკეთებლად ვიყავი იმ ქუჩაზე, სადაც გედევან ფოფხაძის ძმა ცხოვრობს. მის სახლთან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოფილი მძღოლი, ,,ოცნების” მხარდამჭერი იდგა მანქანით. როცა დამინახა, შემაგინა. მანქანიდან გადმოვედი და ვუთხარი რატომ მაგინებ მეთქი. ჩვენ შორის მოხდა შელაპარაკება. ჩაჯდა მანქანაში და ,,ქართული ოცნების“ შტაბში წავიდა. ხუთ წუთში მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან ერთად წამომეწია, ქალაქში მდიეს და თან მანქანის დაჯახებას ცდილობდნენ.“
ინციდენტს გიუაშვილის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი შეესწრო. დეპუტატობის კანდიდატს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.დაზარალებულმა გამომძიებელს ჩვენება უკვე მისცა.
შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს ბორჯომის რაიონული პოლიცია იკვლევს. გამოძიება სსკ–ის 125 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გიორგი გიუაშვილი გამოძიებას არ ენდობა და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიუაშვილსა და ბესიკ ფოფხაძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 10 აგვისტოსაც მოხდა. გიუაშვილი მაშინ ამბობდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარებისას ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ხელს უშლიდნენ.
გიუაშვილი ბორჯომი–ასპინძის ოლქში ,,ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარ კანდიდატად, შალვა ნათელაშვილმა 26 აგვისტოს დაასახელა. იგი ბორჯომის საკრებულოს წევრია.
|