ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის
შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 17,15 %-მა მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების
გარეშე მიმდინარეობს.
12:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას საზღვარგარეთ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია – ”ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ის მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან ვერ აძლევენ ხმას, რამაც გამოიწვია პროტესტი მათი მხრიდან. როგორც გახსოვთ, ჩვენ გამოვაცხადეთ საზღვარგარეთ მყოფი რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც 3, 979-ს შეადგენს. სამწუხაროდ, კანონის მიხედვით ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას”.
ცესკოს სპიკერი ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზეც ესაუბრა:
”კრწანისის #5 უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი ერთი და იგივე საარჩევნო სუბიექტის, კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი წარმომადგენელი იმყოფებოდა.
კრწანისის #12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა წარადინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე და კომისიამ მათ არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა.
ახალციხის #35 უბანთან მოხდა შელაპარაკება, თუმცა უბნის შიგნით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
საბურთალოს #63 უბანზე ლუქებთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო ყუთზე ლუქი კანონის შესაბამისად არის გაკეთებული” – განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა.
განახლებულ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის და ამორმჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო 15:30 სთ-ზე წარადგენს.
|