,,სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს. ორგანიზაციაში განმარტავნ, რომ ახალციხეში ორი დარღვევა დაფიქსირდა.
,,ახალციხეში წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო რესურსების მობილიზებას ჰქონდა ადგილი, 29 ივლისს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა, მიზნობრიობად კი ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა მითითებული“, – ნათქვამია ,,სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
ორგანიზაციის იურისტის ნინო რიჟამაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. ფაქტი საარჩევნო კოდექსის დარღვევად არ მიიჩნევა, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს ქმნის.
ნინო რიჟამაძე წინასაარჩევნო პერიოდში ახალციხეში დაფიქსირებულ კიდევ ერთ ხარვეზზე საუბრობს. მისი თქმით, 2016 წლის 18 ივლისს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ ამომრჩეველთან დაგეგმილი შეხვედრის ადგილის შესახებ ახალციხის მერიას წერილობით აცნობა. მერიაში კი პარტიას უპასუხეს, რომ მსგავსი შეკრებების ადგილად მხოლოდ მესხეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაა გამოყოფილი. ,,სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ ახალციხის მერიის მიერ შეხვედრის ჩატარებისთვის ადგილის მითითება კანონის ნორმებში არ ჯდება.
,,სამართლინი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
წყარო: “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”
|