39 მილიონი არჩევნების ჩასატარებლად
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბიუჯეტი 39 მილიონ ლარს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ბუსკივაძის ინფორმაციით, 28 მილიონი ლარი დაიხარჯება არჩევნების ჩატარების ღონისძიებზე, 1 მლნ ლარი მოხმარდება საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების თანამშრომლების ტრენინგს, 2 მილიონ ლარზე მეტი გათვალისწინებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის და 7 მილიონ ლარზე მეტი კი გამოყოფილია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისთვის.
”არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხა იყოფა ორ კატეგორიად - ერთი არის პირდაპირი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება არჩევნების ღონისძიებებს და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ანაზღაურებას - შრომის ანაზღაურებას, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას და ა.შ.
მეორე არის არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობით კვალიფიციური სუბიექტებისთვის არის განსაზღვრული. ჯამურ 39-მილიონიან ბიუჯეტში არის 4 საბიუჯეტო პროგრამული კოდი, კერძოდ:
1. არჩევნების ჩატარების ღონისძიებები, ანუ პირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს 28 მილიონ ლარს;
2. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება, რომელიც მოიცავს საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების ტრენინგების ხარჯებს. საუბარია დაახლოებით 50 ათასი ადამიანის ტრენინგზე. ამ ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 1 მილიონი ლარი;
3. არაპირდაპირი ხარჯები. ეს მოიცავს სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამისთვის გათვალისწინებულია 2 240 000 ლარი.
4. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება, რომლისთვის განსაზღვრულია 7 600 000 ლარი”, - განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.