მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება
1-ლი აპრილიდან ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად საკმარისი ქონება არ აქვს, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ სესხი აიღოს და ბიზნესპროექტი განახორციელოს.
სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.