ეკონომიკა
102 700 მომხმარებელს სესხზე პროცენტი გაეზარდა
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 102 700 მომხმარებელს გაეზრდება. ინფორმაციას ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
"1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4 400-ით, ხოლო, მთლიანი პორტფელი - 5 045 მილიონიდან 5 310 მილიონ ლარამდე. 102 700 ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი - 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობით 14.26% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი, კი - 1 690.60 მილიონი ლარია.
33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 696.20 მილიონი ლარია. აქედან, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი - 1 სექტემბრის მონაცემებით, 1 746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 სექტემბრის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30%-ია. მათ შორის, ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნულ ბანკს შეეძლო დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 2019 წლის 4 სექტემბერსაც გაზარდა. მაშინ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 98 000-ზე მეტ მომხმარებელს გაეზარდა.
გააზიარეთ :