ახალციხის აგრარული ბაზარი წინასააღდგომოდ არ გაიხსნება
სამცხე-ჯავახეთში სამი აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს - ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში. მათ შორის ახალციხის ბაზარი დაიხურა, ბორჯომის შეზღუდვებით მუშაობს, ხოლო ახალქალაქის ბაზარი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
ახალციხის ბაზარი რეგიონის ცენტრშია და მასზე დატვირთვაც მეტია, ამიტომ აქ მოქალაქეთა გაკონტროლება რთული იქნება - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.
აღდგომის დღესასწაულამდე, ახალციხის ბაზარი სავარაუდოდ, არ გაიხსნება და მხოლოდ ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები იმუშავებენ.
აღდგომამდე ბაზრის გახსნის სურვილი აღარ აქვს არც სავაჭრო ცენტრის დირექტორს. ვახტანგ ქართველიშვილი ამბობს, რომ წინასადღესასწაულო დღეებში, აგრარული ბაზარი, შესაძლებელია იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორც 29 მარტს, როცა ბაზარმა მყიდველთა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან თუ სოფლებიდან ჩამოსული ბევრი მოქალაქის გამო რეკომენდაციების დაცვა ვეღარ შეძლო, რის გამოც დაჯარიმდა.