სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი იცვლება
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის, რაც საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით განისაზღვრება. ხოლო სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში, გადასახდელი მხოლოდ საპრიზო ფონდის 10% იქნება.
შესაბამისი ცვლილებები “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” და ასევე, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
დღეისთვის მოქმედი კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ საკითხის წარდგენისას განაცხადა, კანონპროექტის მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა.
მისივე თქმით, პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, ფულის წარმომავლობა უნდა დაადასტუროს.
გარდა ამისა, კანონპროექტით რეგულირდება ნებართვის გაცემის ვადაც. ისევე როგორც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების, ასევე თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. ნებართვის გაცემა მოხდება 5 წლის ვადით.
ამასთან, ახალი ნებართვის სახის შემოღებასთან არის დაკავშირებული ასევე შესაბამისი სანქციების დადგენა. კერძოდ, დგინდება, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ჯარიმას – 2 000 ლარის ოდენობით; ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.