რამდენია ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასი საქართველში?
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, საქართველოში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. ამასთან, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით).
რაც შეეხება ხელფასს გენდერულ ჭრილში, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო მამაკაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით.
საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება.