ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ბიზნესის ლიკვიდირება ხდება - რესტორატორთა ასოციაცია
ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ ეპიდემიოლოგებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, მთავრობის წარმომადგენლების არგუმენტები გაუგებარია, ქვეყანა კი სოციალური აფეთქების წინაშე დგას.
„დღევანდელ შეხვედრაზე შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ, ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოებას და ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც დღესდღეობით წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს აქვს თავისი ახსნა, როცა გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როცა მიმღებლობა დიდია საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან, რომ გაიგოს ეს და ვერ იგებს, დასკვნა მარტივია, რომ გადაწყვეტილებები არასწორია. აქ საუბარი არ არის რომელიმე ბიზნეს წარმომადგენლის პრობლემაზე, ეს არის საზოგადოების პრობლემა, სადაც ბიზნესის ლიკვიდირება ხდება, ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, ეს არის ზუსტად ის არასწორი მიდგომა, რადგან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე ბიზნესის ლიკვდაციიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ შეხების წერტილებს ვეღარ ვნახულობთ და საუბარი საუბრისთვის ხდება და ურთიერთკომუნიკაციაში ერთმანეთის დანახვა ხდება მხოლოდ. ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, დღეს გარეთ არის აქცია და სიტუაცია კიდევ რთულდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ადვოკატებად ეპიდემიოლოგების. ეს არის გაუგებარი რეალობა და ამ რეალობას ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება, მე მინდა ახლა რასაც ვამბობ, ამაში ვცდებოდე“, - განაცხადა ბურჯანაძემ