რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა სამთვენახევარში
იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მოთხოვნა მზარდია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, 1-ლი სექტემბრიდან 16 დეკემბრამდე დასუბსიდირდა 965 იპოთეკური სესხი, ჯამურმა თანხამ კი 107 მლნ ლარს გადააჭარბა.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ პროგრამით სუბსიდირებული სესხების მოცულობა, მთლიანი სასესხო პორტფელის 1%-ს შეადგენს.
"ეს საკმაოდ კარგი მონაცემია. ჯამური თანხა 100 მლნ ლარზე მეტია. ეს ნიშური მაჩვენებელი ძალიან დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მეტად გაიზრდება პროგრამა და ბენეფიციარების ოდენობა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.