პირველი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება
პირველი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
მათივე ცნობით, ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან.
აღსანიშნავია, რომ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები 2022 წლის 1 მაისიდან აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს.