გაძვირდება თუ არა პური?
დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში არის ყველაზე იაფი იმპორტირებული ფქვილი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
გიორგი ხანიშვილის თქმით, 2 თვის განმავლობაში პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს, რადგან შესაბამისი მარაგები არის. თუმცა, თუ ქვეყანას ძვირ ხორბალსა და ფქვილზე გადართვა მოუწევს, 3 თვის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, ამის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია.
„მოსახლეობას სჭირდება ფქვილი, სჭირდება ხორბალი, უნდა შემოვიდეს ალტერნატიული ქვეყნებიდან. ალტერნატიული ქვეყნები ერთ შემთხვევაში ეს არის ყაზახეთი, რომლის ხორბალი უფრო ძვირი იყო, ვიდრე რუსეთის, მეორე შემთხვევაში ეს არის არგენტინა, ავსტრალია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, თვითონ ამერიკა, ყველგან არის ხორბლის ის შესაძლებლობა, საიდანაც შეგვიძლია წამოვიღოთ, მაგრამ იქ ძვირია როგორც ხორბალი, ასევე ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა. მაგრამ, ჩვენს ქვეყანას უახლოესი 2 თვის განმავლობაში, ხორბლის, ხორბლის ფქვილის მარაგები აქვს შესაბამისი.
ფქვილმა, რაც შემოდის ქვეყანაში დღეს, ჩაანაცვლა უშუალოდ ხორბალი და თქვენ იცით, წისქვილების სავსებით ლოგიკური და კანონიერი პროტესტი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში არის ყველაზე იაფი ფქვილი. შესაბამისად, პურის გაძვირების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა, ამ მარაგების შექმნის შემდგომ, თუკი მოგვიწევს გადართვა ძვირ ხორბალსა და ფქვილზე, იქ უკვე სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, 3 თვის შემდეგ, ბუნებრივია ამაზე დღეს პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად, რომ არა მარტო პურზე, არამედ ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფზე, რისი შესაძლებლობაც არის, შეინარჩუნოს მინიმალური ფასები“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.