კატასტროფული მდგომარეობაა... ფასები 10%-ით უკვე გავზარდეთ - „ბიუ-ბიუ“
მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, საქართველოში მწარმოებლებმა კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები უკვე მოამატეს.
„ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მდგომარეობა ბაზარზე ძალიან მძიმეა და ამის გამო, უკვე დაიხურა რამდენიმე მცირე ფერმა. ,,ბიუ-ბიუმ“ კი, ფასები 10%-ით გაზარდა.
„ქათმის საკვებად ძირითადი პროდუქტებია - ხორბალი, სიმინდი, სოიო და სხვა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ძალიან არის გაძვირებული. რის შემოტანაც ისევ შესაძლებელია, მათზე ფასები 60%-ით არის გაზრდილი, ბევრი რამის შემოტანა კი უბრალოდ, აღარ შეიძლება. პრობლემა შეიქმნა შროტის და ზეთის შემოტანაზე. გაძვირდა შემოტანა და გაძვირდა ყველაფერი. ჩაიკეტა ორი მთავარი მომწოდებელი - რუსეთი და უკრაინა. რამდენადაც ვიცი, ბევრი პატარა საწარმო გაჩერდა ამ ყველაფრის გამო.
სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა, რაც ცხადია, უკვე აისახა ფასზე, გააჩნია რომელი საწარმო როგორ უძლებს ამას. ჩვენს შემთხვევაში ჯერ მხოლოდ ნაწილობრივია ასახვა. ფასები 10%-ით უკვე გავზარდეთ“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.