„საქართველოში დასვენებაც კი გაძვირდა“ - ია თაბაგარი
„საქართველოში დასვენება პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 20-30%-ითაც კი არის გაძვირებული,“ - ამის შესახებ ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ტურიზმის სექტორში გარკვეულწილად რაღაც აღდგენა არის, მაგრამ ტურ-ოპერატორების მონაცემებით, ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშნებია, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან.
„შემიძლია 10-15 კომპანიის მონაცემი მოვიყვანო, რომელთაგან უმრავლესობამ განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ევროპიდან მინიმუმ 20-დან 30 ჯგუფამდე გაუქმება აქვთ. თუმცა, ოპტიმისტი მინდა ვიყო და ვთქვა, როგორც კი უკრაინაში დასტაბილურდება სიტუაცია, მაშინვე გაიზრდება ჯავშნები, მანამდე კი გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დამსვენებლების მოზიდვა. პირველ რიგში ამ მიზიდულობას გავზრდიდი იმით, რომ გავაიაფებდი და ადამიანებს საშუალებას მივცემდი, სეზონზე რამდენჯერმე ჩამოსულიყვნენ. გაიაფება შეიძლება მოხდეს საწვავზე აქციზის მოხსნის, საშემოსავლო გადასახადი შემცირების ხარჯზე. უნდა ვეცადოთ, რომ ტურისტული პაკეტები უფრო მორგებული გახდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე.
ფასებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოში დასვენება დაახლოებით 20-30%-ითაც კი არის გაძვირებული. ამის პირველი მიზეზი არის კვება და სარესტორნო მომსახურება, რომელიც ნამდვილად გაძვირებულია, რადგან პროდუქტია გაძვირებული და ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციაშია. გარდა ამისა, პანდემიის შემდეგ ეტაპობრივად, მუდმივად ძვირდება დენი, გაზი, ყველანაირი გადასახადი, რაც ბიზნესისთვის ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. ამ ეტაპზე ბიზნესი, რომელიც მასპინძლობის ინდუსტრიას და ტურიზმს შეეხება, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში,“- აღნიშნა თაბაგარმა.