"ბორჯომის" აქციების ნაწილს მივიღებთ და ეს არ იქნება დროებითი - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ წილს სახელმწიფო საკუთრებაში დროებით არ იღებს და სანქცირებული პირებისგან ათავისუფლებს იმისთვის, რომ კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.
ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში „ბორჯომის“ აქციების ნაწილის გადასვლით სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.
„ბევრი ინფორმაციის გაცემა არ შეიძლებოდა, რადგან კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვიყავით კომპანიასთან. აქ არ არის საუბარი არანაირი სანქციების გვერდის ავლაზე. ამაზე ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს „ბორჯომის“ აქციების ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია აღარ იყოს სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი იურიდიული ნიუანსი, რომლის გავლაც ხდებოდა ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებთან, რომლებმაც ეს სანქციები შემოიღეს. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
"უახლოეს პერიოდში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ინფორმაციას საზოგადოებას გავუზიარებთ. თუმცა, კონკრეტული არის ის, რომ ჩვენ საკუთრებაში ავიღებთ „ბორჯომის“ აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომში“ კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ეს არ არის დროებითი“, - განაცხადა დავითაშვილმა.