ეკონომიკა
2020 წლის შემდეგ პირველად - BITCOIN-ი კიდევ 10%-ით გაუფასურდა
საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიტპოვალუტა Bitcoin-ი გაუფასურებას განაგრძობს - ამჯერად ვალუტის ფასი ერთგვარ ფსიქოლოგიურ ნიშნულს, 20 000 დოლარს ჩამოსცდა. ბოლო 24 საათში ვალუტა კიდევ 10%-ით გაუფასურდა და მისი ღირებულება 19 000-ს დოლარს ქვემოთაც კი იყო, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
Bitcoin-თან ერთად უფასურდება სხვა ვალუტებიც, მაგალითად, მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა Ethereum-ი 24 საათის განმავლობაში 10%-ითაა გაუფასურებული და 1 000 დოლარიან ზღვარს ქვემოთაა.
თვეებია, კრიპტოვალუტების ფასი იკლებს. მაისში სტეიბლკოინი TerraUSD ჩამოიშალა, რამდენიმე დღის წინ კი სავაჭრო პლატფორმა Binance-მა ბიტკოინის ტრანზაქციები დროებით შეაჩერა, ისევე, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კრიპტო კრედიტორმა, Celsius-მა.
თუმცა, მთავარი როლი Bitcoin-ის ფასის მკვეთრ ვარდნაში აშშ-ს ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდამ ითამაშა - დაანონსების შემდეგ ვალუტის ღირებულება, დაახლოებით, 10 000 დოლარით შემცირდა.
ქვეყნები რეცესიის მოლოდინში არიან, ინფლაცია და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად იზრდება, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები ეცემა და ეს ყველაფერი კრიპტოინდუსტრიაზეც მტკივნეულად აისახება.
ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა თითქმის 68 000 დოლარს მიაღწია, მას შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი მცირდება. ნოემბრის პიკთან შედარებით, დღეს Bitcoin თითქმის 70%-ითაა გაუფასურებული. საერთო ჯამში, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზიაცია 3 ტრილიონიდან 835 მილიარდამდეა შემცირებული.
bpn.ge
გააზიარეთ :