საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ აგვისტოს ბოლომდე ფასებს 20-30 თეთრით დააკლებენ - პრემიერი
იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეამოწმონ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ბოლომდე საწვავი, ჯამში 20-30 თეთრით გაიაფდება.
„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა.
"შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ ივლისშიც და აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით ფასი, კიდევ უფრო მეტით აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია - რა მარჯებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ... ამ საკითხს მე პირადად, ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდები და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდი ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.