შემოდის თუ არა საქართველოში დაბალი ხარისხის ფქვილი?
ბოლო რამდენიმე კვირაა საცხობები პურის ფქვილის ხარისხზე ჩივიან. ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ისინი იმპორტიორს ფქვილს უკან უბრუნებენ. დაბალი ხარისხის ფქვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს პურის მწარმოებელთან ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ „ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“.
,,რაც შეეხება ხარისხს, ყველა იმპორტიორმა არაჩვეულებრივად იცის, როგორი ხარისხის ფქვილი მოაქვთ, რომელ რეგიონში და რა ფასად ყიდულობენ იმის მიხედვით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რუსულ ფქვილს ფასით და ხარისხით ალტერნატივა არ აქვს, თუმცა იქაც არის ყველა ხარისხი და იქიდან შემოტანისას, ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სიტუაციას, მალხაზ დოლიძის თქმით, ახლა ყველაფერი ახალ მოსავალზეა დამოკიდებული. მათ შორის ფასიც პურზე.
„ახლა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ფქვილისა და რუსეთიდან შემოტანილის ფასი ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს ყოფილა. იმპორტირებულის ფასი 77-79 ლარია, ადგილობრივის 80-83. ეს ძალიან მცირე სხვაობაა. ამას ემატება ჩვენთვის მეპურეებისთვის გაზრდილი ტარიფები გაზზე და წყალზე. ეს ყველაფერ თვითღირებულებას ძალიან ზრდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში, პურზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ.
ახლა ალოობა. ქვეყანამ საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. გარდა ამისა, რუსეთი და სხვა, დიდი მწარმოებელი ქვეყნებიც ახალი მოსავლის აღების პარალელურად, ძველისგან თავისუფლდებიან და შესაბამისად, სხვა ბაზრებისთვის მეტი შესაძლებლობა ჩნდება. როგორც ვიცი, ხორბლის იმპორტიორებმაც დაიწყეს უკვე ცოტას შემოიტანა“, -ამბობს მალხაზ დოლიძე.