ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით (0.71%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სააანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 189.93 მლნ ლარით (0.77%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 127.77 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.76%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.07%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.73%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.35%-ით ნაკლები).
2023 წლის იანვრის განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 130.95 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 23.79 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.38 პროცენტული პუნქტით),“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.