საქართველოს მოქალაქეობა 21 თვეში რუსეთის 24 386 მოქალაქემ მოითხოვა
საქართველოს მოქალაქეობა 21 თვეში რუსეთის 24 386 მოქალაქემ მოითხოვა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, სტატისტიკური მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის პერიოდს. აქედან, 2022 წელს მოქალაქეობაზე განაცხადი რუსეთის 17 091 მოქალაქემ შეიტანა, ხოლო 2023 წელს - 7 295-მა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს მოქალაქეობაზე შეტანილი 24 386 განაცხადიდან, ჯამში, 13 120 დაკმაყოფილდა, 8 889 - არ დაკმაყოფილდა, სხვა განაცხადები კი განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი - 12 265 განაცხადი, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების (საქართველოს მოქალაქეა და ამავდროულად მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) მოტივით არის წარდგენილი, მას მოსდევს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოთხოვნა - 8 377 განაცხადით, მე-3 ადგილზე კი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების (ყოფილი მოქალაქე) მოთხოვნაა, მსგავსი განაცხადი რუსეთის 3 695 მოქალაქემ წარადგინა.