მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ ეცემა. ამ დროისთვის, საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 77.75 დოლარად ივაჭრება, ამერიკული ნედლი ნავთობი WTI-ს ტიპის საწვავი კი 71.82 დოლარად.
როგორც დასავლური მედია წერს, ეს ხდება გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების პერსპექტივის ფონზე. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მთელი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ ნიშნულზე დატოვოს.
ამასთან, ნავთობის ფასებზე არ მოქმედებს წითელ ზღვაში დაძაბული ვითარებაც კი. სამშაბათს Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობ-გიგანტმა Shell-მა წითელ ზღვაში ჰუსიტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ყველა მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.