ოქრო და ვერცხლი ძვირდება
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. დღეს უნცია მეტალის ღირებულებამ 2,275 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ოქროს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.
ოქროს პარალელურად, მკვეთრადაა გაზრდილი ვერცხლის ფასიც და მისი გაძვირების მაჩვენებელი ერთთვიან პერიოდში 10%-ს აჭარბებს.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.
ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ძვირფასი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს. თავად დოლარის სიმყარეზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა: გეოპოლიტიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო შემოდინებები, სავაჭრო ბალანსი და ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება.
ამჟამად ოქროს ფასს სწორედ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს.