გაძვირდება თუ არა ცხოვრება - რას პროგნოზირებენ ეკონომისტები
რატომ გრძელდება ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციების მიუხედავად და რა გავლენას იქონიებს მოსახლეობაზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ბიზნესპრესნიუსთან საუბრობს. ვახტანგ ჭარაიას აზრით, ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი იყო განწყობა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა.
,,ლარის გაუფასურება იმ კანონის მიღებისა და საპროტესტო აქციების ფონზე უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან აჟიოტაჟი ყოველთვის ყველა ქვეყანაში ახდენს გავლენას და ცხადია, ლარზეც იმოქმედა, რადგან ლარს გაცვლითი მცურავი კურსი აქვს. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავს, რათა ლარი ნახტომისებურად არ გაუფასურდეს, ან არ გამყარდეს.
ეს მიღებული ფორმატია მცურავი კურსის ვალუტებისთვის. ისინი, ძირითადად, მაინც დამოკიდებულია ბაზრის ტენდენციებზე, სიგნალებზე, რასაც იღებს ბაზრიდან, და ეკონომიკიდან - როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებით. შესაბამისად, ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი იყო განწყობა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა, მომავალი პესიმისტურია...
მეორე მხრივ, ამ მასშტაბის რყევის ფონზე ლარის გაუფასურება ძალიან სიმბოლური იყო, მხოლოდ 5%-იანი. ამიტომ ვიტყოდი, რომ ამ მასშტაბის კრიზისისთვის, რაც ჩვენ გადავიარეთ, და იმედია, გადავიარეთ, ლარის 5%-იანი გაუფასურება, მე თუ მკითხავთ, პირიქით, ლარის სიმყარეზე მიუთითებს, ვიდრე მის სისუსტეზე" - განმარტავს ეკონომისტი.
ჭარაიას თქმით, ,,სებ-მა 110 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ თუ ასე წავალთ, მაშინ წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი აქვს შეძენილი. კი ბატონო, დახარჯა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი თანხა, რომელიც რაღაც ძალიან დიდ მასშტაბს ქმნიდეს, მით უმეტეს, ერთ-ერთი გაყიდვის დროს 60 მილიონი გაიტანა და ბაზარმა 48 მილიონზე მეტი ვერ აითვისა - ანუ მთლიანობაში ეს ხომ ლარის ზურგია.
ლარის სიძლიერე არ არის მარტო ქაღალდი, ის განპირობებულია ეროვნული ბანკისა და ჩვენი ეკონომიკის სიძლიერითაც. ჩვენს ეკონომიკასა და ეროვნულ ბანკს ამ მასშტაბის კრიზისის გადალახვა 110 მილიონი დოლარით, რომელიც უფრო ადრე ისევ ბაზრიდანვე იყიდა, საბოლოოდ მხოლოდ ლარის 5%-იანი გაუფასურება დაუჯდა, რაც ძალიან პოზიტიური მიღწევაა და არა ნეგატიური. ამ მასშტაბის კრიზისებს ასე მარტივად ვერ გადალახავენ ხოლმე და არც ლარს არ გადაულახავს აქამდე ამ მასშტაბის კრიზისები.
მეტიც, უფრო მსუბუქი კრიზისების დროს უფრო დიდი დარტყმა და ნეგატიური შედეგი მიგვიღია. შესაბამისად, ეს არ არის ლარის დასაკნინებელი შედეგი და ლარის სიძლიერის დამამტკიცებელი მოვლენა უფრო იყო, ვიდრე პირიქით".
ეკონომისტების ვარაუდით, ,,რიგითი მოქალაქის დასანქცირება ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ თუკი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაასანქცირებენ, ეს ზიანის მომტანი იქნება ეკონომიკისთვისაც, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს პირები შესაძლოა მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ვერ დასხდნენ მათთან, ვისაც ჩვენ პარტნიორებად მივიჩნევთ. ეს კი მიუღებელი იქნება ეკონომიკური გადმოსახედიდან.
რაც შეეხება ზვიად ხორგუაშვილს, მიიჩნევს, რომ ,,ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო და ამაზე რა პასუხებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს (იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური პარტნიორები), გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის, მოლოდინების გაუარესება კი ლარის კურსზეც მოქმედებს.
ზოგადად, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი რატომ უფასურდება, იხსნება ხოლმე რამდენიმე თვის შემდეგ. ამიტომ ახლა აკადემიური პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ამას დრო სჭირდება და უნდა გვქონდეს ინფორმაცია მთელი რიგი პროცესების შედეგებზე, მაგრამ დღეს ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რაღაც არასწორი რომ ხდება ქვეყანაში, ამას მოჰყვება სწორედ ეს შედეგები.
ამიტომაც ერთ-ერთი კომპონენტი აუცილებლად იქნება გაუარესებული მოლოდინები ქვეყანაში" - აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.