ეკონომიკა
რუსული Azimuth-ი ქუთაისშიც იფრენს
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებაზე ფრენები 2 ივლისს დაიწყება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. შესაბამისი რეისების ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
2023 წლიდან Azimuth-ი ასრულებს რეისებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან. Red Wings-ი კი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან. შესაბამისად, მომდევნო თვიდან ორი რუსული ავიაკომპანია უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს.
BMG -ის ცნობით, გასულ წელს, 4-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ, Azimuth-მა და Red Wings-მა დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ორი რუსული ავიაკომპანია 2023 წელს ჯამში 127 315 მგზავრს მოემსახურა, რაც საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების მიერ ჯამურად გადაყვანილი მგზავრების 3%-ია. რუსეთის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც.
მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1 761 რეისის შესრულება იგეგმება.
გააზიარეთ :