რა ბედი ელით ორგანიზაციებს რეგისტრაციის ან არ დარეგისტრირების შემთხვევაში?
საქართველოში ახალი ე.წ „რუსული კანონის“ მიღებისა და ძალაში შესვლის შემდეგ, ორგანიზაციებს, დაახლოებით ორი კვირა რჩებათ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას თუ უარი თქვან და დაიწყონ ფინანსური და იურიდიული ბრძოლა ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
კითხვაზე რა ფინანსური პრობლემები შეექმნება კონკრეტულ ორგანიზაციას, რეესტრში არ დარეგისტრირების შემთხვევაში? ამაზე პასუხის გაცემა ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უჭირთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მხრიდან, რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, რა მოხდება, კანონში კონკრეტული პროცედურები არ არის განსაზღვრული, ამიტომ მათთვის წინასწარ რამის პროგნოზირება შეუძლებელია და მხოლოდ ვარაუდებითაა შესაძლებელი რამის თქმა.
„რაც უკვე ვიცით, ეს არის 25 000 ლარიან ჯარიმა, რომლის გადახდის კონკრეტული ვადები არ არის დაწესებული, თუმცა სავარაუდოდ ერთი თვე იქნება. მისი არგადახდის შემდეგ სავარაუდოდ ქონების დაყადაღება, მათ შორის ოფისის თუ ტექნიკის, რაც ორგანიზაციის სახელზე იქნება და არ არის გამორიცხული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დადგომაც. ესე დაზუსტებით რთულია რამის თქმა და განსაზღვრა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რას იზამს ის მონიტორინგის სამსახური რაც შეიქმნა იუსტიციის სამინისტროში, ჩვენც იძულებულები ვართ დაველოდოთ“ - გვეუბნება გიორგი კეპულაძე.
მისივე თქმით, არ დარეგისტრირების შემთხვევაში, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან რეგიონებში მოქმედი პატარა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პირველ ეტაპზეც კი 25 000 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ, ან უნდა შეაჩერონ მუშაობა და პროექტები, რომელსაც ახორციელებენ ან დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად.
„ცოტა ორგანიზაცია მეგულება საქართველოში ვინც გადაიხდის ამ ჯარიმას, ყველაზე კარგ შემთხვევაში ამას დიდი ორგანიზაციები თუ მოახერხებენ. პატარა ორგანიზაციებს არც ქონება ექნებათ ამდენი და არც სხვა შესაძლებლობები.მეორე საკითხია ისიც რომ, თუ იძულებით მაინც უნდა დაგვარეგისტრირონ, ეს ჯარიმები რაღატომ დააწესეს? ანუ გამოდის რომ „ქართულ ოცნებას“ ფულიც უნდა გადაუხადო ჯარიმის სახით და მაინც უნდა დაგარეგისტრიროს უცხოური გავლენის გამტარებლად - ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და პატარა ორგანიზაციებს მოუწევთ ან მუშაობის შეჩერება ან ამ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა, იბრძოლეს, ბევრი გააკეთეს მაგრამ სხვა გზა არ რჩება“ - ამბობს კეპულაძე.
კითხვაზე, პატარა ორგანიზაციების რეგისტრირების შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მათი მუშაობა? გიორგი კეპულაძე გვპასუხობს, რომ ფინანსურ პრობლემებს თავიდან აიცილებენ მაგრამ რეპუტაცია შეელახებათ, გარდა ამისა ე.წ „რუსულ კანონს“ დამორჩილებული ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, როგორ გაგრძელდება, ეს რთული საკითხია.
„ისევე, როგორც არ დარეგისტრირების, რეგისტრაციის შემთხვევაშიც, ამ ქვეყანაში ორგანიზაციების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ კანონის მიღება დიდი დარტყმა იყო. მმართველი ხელისუფლება ყველა ორგანიზაციას კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვიწოდებს და გვემუქრება, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ გაგვაქრობენ და არაკონსტიტუციურად გამოგვაცხადებენ. ამიტომ ერთადერთი გზა არის ის, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მოსწონს ავტორიტარული და ანტიდასავლური ხელისუფლება თუ პირიქით, ირჩევს კოალიციურ მმართველობას, ევროპასთან დაახლოებას და ყველა იმ სიკეთეს რაც ამას მოჰყვება“- ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წელს ჩამოყალიბდა, რომლის მთავარ მიზანს ფინანსური განათლების დონის ამაღლება, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა ფინანსური კონსულტაციების გაწევა დახმარებას წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე გვეუბნება, რომ სხვა ორგანიზაციების მსგავსად, თავადაც როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ჯერ არ იცის- „რთულია წინასწარ რაიმე განვსაზღვრო, დეტალები უნდა გავიარო გამგეობის წევრებთან და გადავწყვიტოთ, რა ფორმით გავაგრძელოთ მუშაობა“.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ასევე ჟურნალისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.