მედია
აქციებზე დგომისთვის ახალციხელი რეზერვისტი ალექსი გრიგალაშვილი გაათავისუფლეს
ახალციხელი რეზერვისტი ალექსი გრიგალაშვილი ეროვნული გვარდიის მე–10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში 2023 წლიდან ირიცხებოდა. ამბობს, რომ 2 000 ლარიანი ჯარიმით დაითხოვეს რეზერვიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
„რეზერვისტებს ხელშეკრულებით სამწუხაროდ გვაქვს იგივე მოთხოვნები, რაც აქვთ რეგულარულ სამხედრო თანამშრომლებს. ეს ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ჩვენ შეკრებები, მანიფესტაციები, მედიასთან ურთიერთობა გვეკრძალება" - ამბობს ალექსი.
გაასაჩივრებს თუ არა შეწყვეტილ კონტრაქტსა და დაკისრებულ ჯარიმას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ამასთანავე აღნიშნავს, რომ გასაჩივრების აზრსაც ,,ამათთან დიდად ვერ ხედავს".
ახალციხეში უწყვეტი საპროტესტო აქციები 15 იანვრის შემდეგ განახლდა. დღეს, 16 აპრილს, შოთა რუსთაველის ძეგლთან რიგით 92–ე აქცია გაიმართება.
რეზერვისტებისთვის საპროტესტო აქციაზე დგომის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე აღნიშნულის შესახებ ბათუმიდან სოციალურ ქსელში ციალა ქათამიძემ დაწერა.
ახალციხეში, სამოქალაქო აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, გათავისუფლებული ალექსი გრიგალაშვილისთვის ჯარიმის თანხის შესაგროვებლად.
გააზიარეთ :