საშუალო ხელფასი ₾2 105-მდე გაიზარდა
2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6% ქალი იყო, ხოლო 56.4% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% - საშუალოზე, ხოლო 36.5% - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724.0 ათასი კაცი შეადგინა . წლიურად ეს რიცხვი 3.4% გაიზარდა, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მილიარდ 657 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 190.7 ლარითაა გაზრდილი. მათ შორის ქალების საშუალო ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ყველაზე მეტ ადამიანს 28.4%-ით ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), 11.8%-ით დამმუშავებელი მრეწველობის და 9.6%-ით
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ასაქმებენ.
სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1%) დარგის საწარმოებზეც.