ვის შეეცვლება სესხზე შენატანი
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 175 774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა.
„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 175 774 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 175 774 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (95%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.6 მლრდ. ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.9 მლრდ. ლარის (45%).
„დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 4 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.4 მლრდ. ლარს შეადგენს. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 226 805, იპოთეკურის 57 108 და სამომხმარებლო სესხის კი 32 049 ლარია"- აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან.