საქართველოში ქალებს კაცებზე ნაკლები ხელფასი აქვთ
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ - ამაზე მიუთითებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები. კერძოდ, 2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში ჯერ კიდევ შესამჩნევია. ქალები კვლავ განიცდიან გენდერულ ხარვეზებს, როცა საქმე ხელფასებს, სამუშაო ძალაში ჩართულობას, დასაქმებასა და სამუშაო ადგილის იერარქიას ეხება.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ხელფასებზე გენდერული სხვაობა 12,7%-ს შეადგენდა, ანუ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, საათში, საშუალოდ, 12,7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. კერძოდ, მამაკაცის მიერ გამომუშავებული ყოველი 100 ევროდან ქალები, საშუალოდ, 87,3 ევროს გამოიმუშავებენ. სხვაობის შესავსებად ქალებს მუშაობა დამატებით 1,5 თვე მოუწევთ.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მასშტაბით. 2022 წელს რიგ ქვეყნებში მან 17%-ს გადააჭარბა.