სპორტი
მესხი სპორტსმენების წარმატებები 2024 წელს
მიუხედავად რთული პოლიტიკური მოვლენებისა, 2024 წელი საკმაოდ დატვირთული იყო მესხი სპორტსმენისათვის. ამ წელს ახალციხეში არაერთი სპორტული ღონისძიება ჩატარდა, სადაც ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა გვასახელებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ისინი სამშობლოში ჯილდოებით დაბრუნდნენ.
სერბეთში, საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ წარმატებით იასპარეზა.შაინიძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა. ფინალურ ბრძოლაში მან იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა ახალციხელი მირანდა ჩუტკერაშვილისთვისაც. მან თბილისში 17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და პირველია ადგილი დაიკავა, 211,41 ქულით ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ახალციხელმა მძლეოსანმა ქვეყნის პირველობა 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორისაც მოიპოვა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მირანდამ 2022 წელს ატაცში - 53, ხოლო აკვრაში 75 კილოგრამიანი შედეგი აჩვენა.
2024 წელი წარმატებული იყო ახალციხელი მოტომრბოლელებისთვისაც. ქალაქ ახალციხეში, მოტო რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან. ტურნირში ახალციხელმა მოტო მრბოლელებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. „ექსპერტის“ კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი არმენ გრიგორიანი გახდა.„ჰობის“ კატეგორიაში კი პირველი ადგილი ილია მანველიშვილმა დაიკავა. ამ ტურნირში საპრიზო ადგილები დაიკავეს პატარა მოტომრბოლელებმაც. საბავშვო კატეგორიაში მეორე ადგილი არმან კარაპეტიანმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე რუბენ ჩილინგაროვი გავიდა.
საინტერესო სპორტული ღონისძიებებით დატვირთული წელი იყო ბაკურიანისთვისაც. აქ მარტში, ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატი თოვლის ფრენბურთში ჩაატარა. მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს კონკურენტი იტალია იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ბაკურიანზე გაკეთდა.
ბაკურიანში კიდევ უფრო საინტერესო წელი გველოდება 2025 წელს, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025" ჩატარდება. ამისთვის, 2024 წელს უკვე დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
გააზიარეთ :