14 მუნიციპალიტეტში დღგ-დან მისაღები შემოსავალი 66 მილიონი ლარით გაზირდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ბიუჯეტის თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი მუნიციპალიტეტებს შორის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობის გადანაწილების საკითხს შეეხება. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, კანონით განსაზღვრული დღგ-ის ზრდის შეზღუდვა აღარ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთა დღგ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 15 მლნ ლარზე ნაკლებია.
ასევე, იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებზეც ძალაში რჩება ზემოაღნიშნული შეზღუდვა, დღგ-ის მოცულობა განესაზღვრებათ არანაკლებ 15 მლნ ლარამდე.
ცვლილების შედეგად, 14 მუნიციპალიტეტს დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაეზრდებათ ჯამში 65 886 200 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ოდენობით შემცირდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები საპროგნოზო შემოსავალი.