2024 წლის 9 თვეში საქართველოში 41 სავალუტო პუნქტი დაიხურა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო ვალუტის გამცვლელი 511 პუნქტი, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 689 ფილიალი ჰქონდათ გახსნილი. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, 2024 წლის 9 თვეში ქვეყანაში 41 სავალუტო პუნქტი დაიხურა. ცნობისთვის, 2023 წელს ქვეყანაში ჯამში გაუქმდა 65 სავალუტო პუნქტი, ხოლო 2022 წელს 48 პუნქტი.
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბენეფიციარ მესაკუთრეთა 94% საქართველოს რეზიდენტია, ხოლო დარჩენილი 6% ნაწილდება თურქეთის, რუსეთის, კვიპროსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რეზიდენტებზე. სექტორი მზარდია და მომხმარებელთა ნდობა მაღალია და ამას ადასტურებს წლიდან წლამდე მომხმარებლებისა და ბრუნვების მზარდი რაოდენობა"- განაცხადა ნინო ქავთარაძემ.