საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება
მალე საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს.
„სურსათის ბანკი“ ინსპექტირებას ექვემდებარება და გაწერილი აქვს ვალდებულებები სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დისტრიბუციას თავად „სურსათის ბანკი“ განახორციელებს.
„გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგინდა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს აჩვენებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომ ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოხდეს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ა.შ“,- განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.
მისი განმარტებით, კანონის მიხედვით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა, გაუქმდა დამატებითი ღირებულების და ასევე, მოგების გადასახადი იმ ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც სურსათს დონაციაში ჩაუშვებს.