საქართველოში შესაძლოა, უმუშევრობის დაზღვევა ამოქმედდეს
შრომისა და დასაქმების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, შემუშავდება და დამტკიცდება შრომისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია, - ამის შესახებ მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკითა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/განხორციელებით.
„გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, მათთვის კონსულტაციის გაწევა, მომსახურებების განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა, მათ შორის, ქალთა დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განვითარებით. გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა, მათ შორის, ქალთა მონაწილეობის უპირატესობის გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.