რა უჯდება მთავრობას 1 ლიტრი საწვავი
მთავრობას ერთ თვეში ბენზინი გაუიაფდა, დიზელი კი მცირედით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე 693 აშშ დოლარს შეადგენდა (ოქტომბერში 727.08 დოლარს), ევრო-დიზელზე - 682.52 აშშ დოლარს ( ოქტომბერში 674.64 დოლარი იყო).
შესაბამისად, ბენზინის ღირებულება 34.03 დოლარით (5%-ით) შემცირდა, ხოლო დიზელის თითქმის 8 დოლარით გაიზარდა.
კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98)ტიპის საწვავს დეკემბერში, ნოემბრის მსგავსად 2.70 ლარად შეიძენს. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, დეკემბრის კონტრაქტით 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2,33 ლარია, ნოემბერში 2,40 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.
ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2,31 ლარია, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2,38 ლარზე იყო. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.
რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) მისი ფასი დეკემბერში 2,42 ლარია, ნოემბრის მსგავსად. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.