საქართველოში სიმინდის და ცოცხალი ღორის იმპორტი გაიზარდა
2023 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ 12.6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 51 795 ტონა სიმინდი იყიდა, წელს 11 თვეში კი 51 173 ტონა მარცვლეულში 10.7 მილიონზე მეტი გადაიხადა.
იმპორტთან ერთად შემცირებულია 1 კგ სიმინდის საშუალო საიმპორტო ფასი. გასულ წელს თუ ღირებულება გადასახადების გარეშე 24 ცენტს შეადგენდა, წელს ფასმა 21 ცენტამდე იკლო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმპორტული სიმინდის უდიდესი ნაწილი, 99.5%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. მაგალითისთვის, წელს იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 50 927 ტონა სიმინდი შემოვიდა (10.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების).
რუსეთს სიმინდის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მოსდევს თურქეთი (73 ათასი დოლარის 95 ტონა სიმინდი) და ამერიკა (18 ათასი დოლარის 26 ტონა). დანარჩენი ქვეყნების წილი კი სიმინდის იმპორტში მინიმალური იყო.
რუსეთიდან ასევე გაიზარდა ცოცხალი ღორის იმპორტი 18.8%-ით. გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოვიდა 16 259 ტონა ცოცხალი ღორი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 24.69 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს კი მოცულობა 19 135 ტონამდე გაიზარდა (სულ 29.01 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების).
გასულ წელს 1 კგ ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.51 დოლარს შეადგენდა, წელს იანვარ-ნოემბერში კი ფასი იგივე დონეზე დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოცხალი ღორის იმპორტი საქართველოში წელს მხოლოდ რუსეთიდან და დანიიდან განხორციელდა, თუმცა იმპორტში დანიის წილი მცირედი იყო. მაგალითად, წელს სულ იმპორტირებულია 29.32 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ცოცხალი ღორის, საიდანაც დანიიდან მხოლოდ 306 690 დოლარის შემოვიდა (მოცულობა 24 ტონა).