ოქრო ისევ რეკორდულად გაძვირდა
მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. თბილისის დროით 12:00 საათზე 1 უნციაზე ოქროს ღირებულება 2 914 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიან ჭრილში 9.29%-იან ზრდაზე მიანიშნებს. ამასთან, ერთწლიან ინტერვალში ოქრო უკვე თითქმის 44%-ით არის გაძვირებული.
Trading Economics-ის ინფორმაციით, ოქროს ფასის ზრდა მზარდმა სავაჭრო დაძაბულობამ და გაურკვეველმა ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადზე იმპორტის 25%-იანი გადასახადების დაწესებას. ამასთანავე, ტრამპმა დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესება, რაც ბირჟებზე გაურკვეველ გარემოს ქმნის.
გარდა ამერიკის ფაქტორისა, ძვირფას მეტალზე ფასების ზრდა განაპირობა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის კვლავ დაძაბვამ. კერძოდ, ჰამასმა შეაჩერა მძევლების გათავისუფლება, ღაზაში ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევის მოტივით, რაც კონფლიქტის განახლების რისკებს ზრდის.
გარდა გეოპოლიტიკური რისკებისა, გამოცემის ცნობით, ოქროს ფასების ზრდას ხელს უწყობს Fed-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინები.